ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,,ფიესტალონია ჯორჯია 2018“-ის გალა-კონცერტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა (Georgian)

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,,ფიესტალონია ჯორჯია 2018“-ის გალა-კონცერტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა (Georgian)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართული სადღესასწაულო გალა კონცერტით თბილისში დასრულდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ფიესტალონია ჯორჯია 2018“, რომელშიც ცხრა ქვეყნის: ჩეხეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუსეთის, საბერძნეთის, ლიტვის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ,,ფიესტალონია ჯორჯია 2018“-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი გახდა ჩეხეთის ქალაქ კარვინას მომღერალ ვაჟთა გუნდი. საქართველოს წარმომადგენლებმა, თბილისის სულხან ცინცაძის სახელობის N16 ხელოვნების სკოლის პირველკლასელთა გუნდმა, რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბავშვთა ვოკალურმა ანსამბლმა, ამავე სკოლის მოსწავლემ, მომღერალმა მარიამ ორაგველიძემ, ვოკალურმა ჯგუფმა ,,გროს-ოქტეტმა“, რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის ჯაზ-ორკესტრმა, რუსთავის ფოლკლორის სკოლის ანსამბლებმა ,,თამარისმა“ და ,,ალგეთელებმა“, სტუდია ,,ნამის“ მომღერალმა ნიკოლოზ მეფარიშვილმა, თბილისის ახალგაზრდულმა გუნდმა ,,კამერატამ“ პირველი ადგილები დაიკავეს.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ევროპაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების წამყვანი საკონკურსო კომიტეტის ,,ფიესტალონია მილენიოს“ დამაარსებელი და პრეზიდენტი დავით ჯაფარიძე (ესპანეთი),,,ფიესტალონია მილენიოს“ არტ დირექტორი იულია კრუგლიაკი (ესპანეთი), ფეტივალ ,,ფიესტალონია ჯორჯიას“ წარმომადგენელი და ორგანიზატორი საქართველოში ხათუნა ჩარკვიანი, ,,ფიესტალონია ჯორჯიას“ მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი, აკადემიკოსი მერაბ მამულაშვილი, ქართული ქორეოგრაფიის ისტორიის პედაგოგი, ,,ამაგდარის“ და ,,ბრწყინვალების ორდენის“ კავალერი, დამსახურებული პედაგოგი ნიკოლოზ (კახა) ხერხაძე, ქ.რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახ.ხელოვნების სკოლის მენეჯერი, გუნდის ქორმაისტერი ნათია მთიულიშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი ბორის ძნელაძე.

უკვე მესამედ ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანადგომით, ოქტომბრის თვეში, თბილისში ტარდება ევროპაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების წამყვანი საკონკურსო კომიტეტის ,,ფიესტალონია მილენიოს“ („Fiestalonia Milenio“-(ესპანეთი)) მიერ დაარსებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ფიესტალონია ჯორჯია“(საქართველო), სადაც, ჩვენი თანამემამულე ხელოვნების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკოსები, მოცეკვავეები და მომღერლები, ვისთვისაც ძვირფასია ხელოვნება, როგორც კულტურის საერთაშორისო საკომუნიკაციო ენა და ხალხთაშორისი ურთიერთობები, რისი მნიშვნელოვანი განვითრებაც მოაქვს ამ მეტად საინტერესო მოვლენას მასპინძელი ქვეყნის ცხოვრებაში. ფესტივალის საპატიო პარტნიორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მესამედ უმასპინძლა ,,ფიესტალონია ჯორჯიას“ მონაწილეებს და კომპანია ,,მეიდან გრუპი“.

საქართველოს წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობენ როგორც ,,ფიესტალონია მილენიოს“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ესპანეთი, იტალია, ისრაელი, საფრანგეთი, ყაზახეთი, ჩეხეთი, ლატვია) ორგანიზებულ ფესტივალებში, ასევე ,,ფიესტალონია-ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში, სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოსული ხელოვანების მონაწილეობა ამ ფესტივალის საერთაშორისო სტატუსის გამო.

,,ფიესტალონია ჯორჯია 2018“-ის გალა კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ფესტივალის ორგანიზების ხელშეწყობისა და მის გამართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ევროპაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების წამყვანმა საკონკურსო კომიტეტმა ,,ფიესტალონია მილენიომ“ სამახსოვრო დაფებით დააჯილდოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გვილავა, კომპანია ,,მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ფიესტალონია ჯორჯია 2019“ მომავალი წლის ოქტომბერში გაიმართება.

29.10.2018
Source: InterPressNews

Nach oben scrollen